ასე გამოდის, ამის გამო ბათუმი გადაწვეს, შსს-ს მიერ გათავისუფლებული პატრული

კადრები, რომელიც საპატრულო პოლიციის ყოფილმა თანამშრომელმა გია ხალვაშმა "ფეისბუქის" საშუალებით გაავრცელა, 11 მარტს, "ბათუმი პლაზას" მიმდებარე ტერიტორიაზეა გადაღებული. 11 მარტს ის პატრულის მოქმედი თანამშრომელი იყო. კადრებში ასახულია, როგორ ეწინააღმდეგება საჯარიმო ოქმის შედგენისას სამართალდამცავებს მოქალაქე. 
აღნიშნულ საქმესთან დაკავშირებით, საქალაქო სასამართლოში მოქალაქე გამართლდა, რადგან გია ხალვაშის მეწყვილემ, პატრულის თანამშრომელმა მეგი ხუნწარიამ ჩვენება გია ხალვაშის წინააღმდეგ მისცა.

საპატრულო პოლიციის ყოფილმა თანამშრომლმა გია ხალვაშმა 9 აპრილს "ინტერპრესნიუსთან" საუბრისას განაცხადა, რომ მისი გათავისუფლება საპატრულო პოლიციის თანამშრომლის, მეგი ხუნწარიას ჩვენებას უკავშირება. როგორც გია ხალვაში აცხადებს, მეგი ხუნწარიამ სასამართლოზე ჩვენების მიცემისას იცრუა და არ დაადასტურა, რომ მოქალაქემ მას სიტყვიერი შეურაცხყოფა მიაყენა. 

ხალვაშის თქმით, იგი შსს-ს გადაწყვეტილების გასაჩივრებას გეგმავს, რადგან მიიჩნევს, რომ სამსახურიდან უსამართლოდ დაითხოვეს. "მეგი ხუნწარიამ იცრუა და მე დამადანაშაულეს, თითქოს ვიცრუე. ასე გამოდის, რომ უკანონოდ მყავდა დაკავებული და ამის გამო გაიმართა აქცია და ბათუმი გადაწვეს. დასკვნაშიც მითითებულია, რომ სასამართლოზე ვიცრუე. თუ 2016 წელს დარღვევები მქონდა, რატომ მაშინ არ გამათავისუფლეს?! გასაჩივრებას ვგეგმავ. შესაბამისი პროცედურები უკვე დავიწყე. სასამართლოზე მეგი ხუნწარიამ ისეთი სიცრუე თქვა, რომ წარმოუდგენელია. დარწმუნებული ვარ ის ხელმძღვანელის, კახა ბუხრაძის მიერ იყო გაფრთხილებული. სწორედ მისი მოგონილია, რომ სუსის ორგანიზებით გაიმართა აქცია. ეს ყველაფერი თავიდანვე კახა ბუხრაძემ დააანონსა. სწორედ ამ პიროვნებას სუსთან შეხება ჰქონდა, რასაც დიდი ხმაური მოჰყვა", - აცხადებს გია ხალვაში.

ads
adsads