"ბოლო საუბრისას ტიროდა, შემდეგ "გაქრა"... ბიძამისს მოუკლავს, რომელიც ძალოვნებში მუშაობს"

"ღირსების მკვლელობა" - "ნოვაია გაზეტაში" ამ სათაურით, ჩეჩნეთში გეების მასობრივ დაკავებასა და მკვლელობის შესახებ გამოქვეყნებულ სტატიას ჩრდილოეთ კავკასიასა და რუსეთში დიდი ხმაური მოჰყვა.

გაზეთს ხელში ჩაუვარდა ინფორმაცია სექსუალური ორიენტაციის გამო ჩეჩნეთის მოქალაქეების დაპატიმრების შესახებ, რომლის თანახმადაც, "განსხვავებული ორიენტაციის ბრალდებით", უკვე დაკავებულია 100-ზე მეტი ადამიანი. გამოცემას ასევე აქვს ინფორმაცია, რამდენიმე დაღუპულის შესახებაც. "ნოვაია გაზეტას" წყაროების ცნობით, მსხვერპლი არც ისე ცოტაა.

გამოცემის მტკიცებით, დაკავებულების შესახებ ინფორმაცია გადამოწმდა და უპრეცედენტოდ ბევრმა წყარომ დაადასტურა, მათ შორის: ჩეჩნეთის რესპუბლიკის შინაგან საქმეთა სამინისტროში, რესპუბლიკის ხელისუფლების ადმინისტრაციაში; უსაფრთხოების ფედერალურ სამსახურში (ეფ-ეს-ბე); ჩეჩნეთის პროკურატურაში; და ბოლოს, ადგილობრივმა ლგბტ აქტივისტებმა. რამდენიმე მათგანი დააპატიმრეს და მას შემდეგ, რაც გაათავისუფლეს (რაც ძალიან იშვიათია), მათ რესპუბლიკა დატოვეს და ამით თავი გადაირჩინეს. ზოგი კი მას შემდეგ წამოვიდა ჩეჩნეთიდან, რაც მათი მეგობრები და ნაცნობები დააპატიმრეს...


განსხვავებული სექსუალური ორიენტაციის "ბრალდებით" დაკავებულებს შორის, ცენტრალური მუსლიმური ორგანიზაციის წარმომადგენლები და ორი ცნობილი ჩეჩენი ტელეწამყვანიც არის. "ნოვაია გაზეტაში" დაბეჭდილ სტატიაში გამოთქმულია ვარაუდი, რომ ჩეჩნეთის ხელისუფლება ჰომოსექსუალებისაგან ჩეჩნეთის "მთლიანად გაწმენდას" გეგმავს.

აღნიშნული საკითხით უკვე დაინტერესდა გაერო და ეუთო და მათ მოსკოვს მოუწოდეს, ჩეჩნეთში ჰომოსექსუალთა დევნა და წამება გამოიძიონ. ამავე მოწოდებაში აღნიშნულია, რომ რუსეთმა უნდა გამოიძიოს ცნობები ჰომოსექსუალების წამებისა და მკვლელობის შესახებ. გაეროს წარმომადგენელთა თქმით, "რუსეთმა ოფიციალურად უნდა განაცხადოს, რომ მისთვის მიუღებელია ძალადობის, საზოგადოებისგან ჰომოსექსუალთა გარიყვისა და სიძულვილის ენის ნებისმიერი ფორმით წაქეზება".

ჩეჩნეთის პრეზიდენტის, რამზან კადიროვის პრესმდივნის ალვი კარიმოვის თქმით, რუსულ მედიაში გავრცელებული ინფორმაცია ჩეჩნეთში გეებს შევიწროების შესახებ, არასერიოზულია. "შეუძლებელია, დააკავო ან შეავიწროვო ისინი, ვინც, რესპუბლიკაში უბრალოდ არ არის. ასეთები ჩვენთან არ არიან და ეს არის ზღაპარი" - განაცხადა კარიმოვმა.

საკითხს ასევე რადიკალურად მიუდგა რამზან კადიროვი - "ჩეჩნეთში მსგავსი ხალხი რომ არსებობდეს, სამართალდამცველებს არ დასჭირდებოდათ მათზე რეაგირება, მათ ნათესავები და ახლობლები მიხედავდნენ და "დანიშნულების მისამართზე" გაგზავნიდნენ, საიდანაც არ ბრუნდებიან", - განაცხადა ჩეჩნეთის პრეზიდენტმა.

"ეხო კავკაზა" აქვეყნებს ვიდეოკადრებს, სადაც სახლში სექსუალური უმცირესობის წარმომადგენლებს უვარდებიან. გამოცემის თქმით, ასეთი ძალადობის კადრების ფონზე, ჩეჩნეთის ხელისუფლება განაგრძობს მტკიცებას, რომ მსგავსი რამ ჩეჩნეთში არ არსებობს. სექსუალური უმცირესობის ერთ-ერთი ჩეჩენი წარმომადგენლის თქმით, მათზე ნადირობა მიმდინარე წლის თებერვალში დაიწყო. სამართალდამცველები მათზე, როგორც ტერორისტებზე ისე ნადირობდნენ და დაკავების შემდეგ, მათთვის განკუთვნილ, ორ სპეციალურ საიდუმლო ციხეში, არღუნსა და ცოცი-იურტში ათავსებდნენ, სადაც მათთან ერთად კრიმინალები იხდიდნენ სასჯელს...

სექსუალური უმცირესობის რამდენიმე წარმომადგენელი, იქ მყოფ ბრალდებულებს ცემაში შემოაკვდათ... ასეთივე ფაქტები, ჩეჩენი სამართალდამცველების მიერაც დაფიქსირდა, თუმცა, არ გახმაურებულა, რადგან ისინი ოჯახს დაემუქრნენ, თუ ამის შესახებ ხმამაღლა ისაუბრებდნენ, ისინი მათი ოჯახის წევრის ორიენტაციის შესახებ ინფორმაციასა და ვიდეო კადრებს გაავრცელებდნენ და ეს მთელი ოჯახის, უფრო სწორად, სანათესაოს სირცხვილი იქნებოდა... ოჯახის წევრებმა გაჩუმება ამჯობინეს.

გამოცემის წყაროს ინფორმაციით, ჩეჩენი სამართლამცველები სექსუალური უმცირესობის წარმომადგენლებს აიძულებენ თემის წარმომადგენლებზე ინფორმაციის გაცემას. 

 

 რის შემდეგაც მათ პირდაპირ სახლში უვარდებიან და ციხეში მიჰყავთ...

27 წლის საიდი (გამოცემის თქმით, მისი სახელი შეცვლილია) ყვება, რომ მას გასული წლის ოქტომბერში დაუკავშირდნენ მეგობრები, რომლებთანაც ურთერთობა დიდი ხანია არ ჰქონია. ისინი მას ხშირად სტუმრობდნენ და სხვადასხვა თემებზე ღიად საუბრობდნენ, შემდეგ გაირკვა, რომ ეს ყველაფერი ფარულად იწერებოდა.

"ცოტა ხანში დამიკავშირდნენ და მითხრეს, რომ ინფორმაციის გაუმჟღავნებლობის სანაცვლოდ, 2,5 მილიონ რუბლს ითხოვდნენ. მის გადახდას არ ვაპირებდი... მანქანა გავყიდე და ჩეჩნეთიდან ჯერ კრასნოდარში, იქიდან კი მოსკოვში წავედი და ყველას ვუთხარი, რომ იქიდან ევროპაში ვაპირებდი წასვლას... ოჯახური მდგომარეობის გამო, მიმდინარე წლის იანვარში, ისევ გროზნოში მომიწია დაბრუნებამ. რაღაც საქმეებისთვის მახაჩყალაში მომიწია წასვლამ, სადაც რამდენიმე პოლიციელმა დამაკავა. მათ მითხრეს, რომ ჩემს შესახებ ინფორმაცია ჩემმა "ძველმა მეგობრებმა" მიაწოდეს.

შემდეგ დედამ დამირეკა და მითხრა, რომ ვიღაც სამხედროები მკითხულობდნენ. შემდეგ დედას ყურმილი გამოართვეს, მითხრეს, რომ ჩემი ძმა მძევლად ჰყავდათ და ვიდრე მე გროზნოში არ დავბრუნდებოდი, არ გაუშვებდნენ... იმავე ღამეს ოჯახის ყველა წევრმა სათითაოდ დამირეკა და დაბრუნება მთხოვა. დედამ არაფერი იცოდა ჩემზე და ყველას ეკითხებოდა, - რაში იყო საქმე, - შემდეგ პირდაპირ ვუთხარი, რომ გეი ვარ... მან მითხრა, არაფერია ამაში საშინელი... ცოტა ხანში, ერთი ნათესავი ძალოვანი დამიკავშირდა და მითხრა, არაფერს დაგიშავებთ, თუ "შენს ნაცნობებზე" ინფორმაციას მოგვცემო... ამ და სხვა მიზეზების გამო, არ დავბრუნდი სამშობლოში და ოჯახთან ყველანაირი ურთიერთობა გავწყვიტე" - ჰყვება საიდი, რომლის თქმითაც, მისი ძალიან ბევრი ნაცნობი საერთოდ "გაქრა".

"ერთი ჩემი მეგობარი დეკემბერში დაიჭირეს, მაგრამ მას შემდეგ, რაც მეგობრები "ჩაუშვა", გამოუშვეს... ბოლოს რომ ვესაუბრე, ტიროდა და მეუბნებოდა, რომ ისევ ეძებენ... ამის შემდეგ, ისიც "გაქრა". შემდეგ ჩვენი საერთო ნაცნობებისგან გავიგე, რომ ის ბიძამისს მოუკლავს, რომელიც ძალოვნებში მუშაობდა", - წერს საიდი.

რუსული გამოცემების მიხედვით, - "გეების" აღმოჩენისა და დევნის მეთოდს "კადიროვის ბიჭები" იმათ წინააღმდეგაც იყენებს, ვინც ჩეჩნეთში კადიროვის პოლიტიკას ეწინააღმდეგება... "რომელიმე ჩეჩენ სექსუალურ უმცირესობას მასზე ინფორმაციას "გამოსძალავენ" და შემდეგ მიადგებიან. ეს მათ მორალურად ანადგურებს, რადგან პროპაგანდის იარაღს ხელისუფლება შესანიშნავად იყენებს", - წერს რუსული პრესა.

ლალი პაპასკირი
AMBEBI.GE

ads
adsads